ინტერნეტში გავრცელებული ფაილებიდან, რომელმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონა, ირკვევა, რომ ინფორმაცია პატრიარქის მდივან-რეფერენტზე შორენა თეთრუაშვილზეც გროვდება. ფაილი 2016 წლის 28 ივლისით არის დათარიღებული.
ფაილების ავთენტიკურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. ფაილში აღწერილია შორენა თეთრუაშვილის წარსული და საპატრიარქოში საქმიანობა. ფაილის თანახმად, შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოში მუშაობს 1982 წლიდან, თუმცა ილია მეორესთან განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა 90-იანი წლების დასაწყისიდან.
ამავე ინფორმაციით, "ზეგავლენის გასაძლიერებლად და პროცესების მართვის მიზნით არ ერიდება მაღალი რანგის სასულიერო პირთა შორის ინტრიგების ხლართავს და ჭორების გავრცელებას".
"საპატრიარქოს სტრუქტურების მართვის პროცესში ძირითადად ეყდნობა კომპრომეტირებულ, უნებისყოფო, აშკარად გამოკვეთილი ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირებს".
ფაილში ასევე საუბარია იმაზე, რომ საეკლესიო წრეებში არის გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შორენა თეთრუაშვილმა მოკლა თავისი თანაკურსელი ნაზი ზვიადაური. ეს ცნობები წარსულში მედიაშიც მოხვედრილა, თუმცა ხაზგასასმელია, რომ მას სუს-ი "გავრცელებულ ინფორმაციად" მოიხსენიებს და არაფერია ნათქვამი იმაზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს.
გარდა ამისა, ფაილში წერია, რომ პირდაპირი მონაცემები შორენა თეთრუაშვილის, რუსეთის ეკლესიასთან და პოლიტიკურ ძალებთან უშუალო კავშირის შესახებ არ არსებობს, მაგრამ მისი გავლენის ქვეშ მყოფი სასულიერო პირები აქტიურად თანამშრომლობენ რუსეთის საეკლესიო და პოლიტიკურ წრეებთან.
"დაფიქსირდა, რომ თეთრუაშვილი აგროვებს საპატრიარქოში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრების პატრიარქთან შეხვედრის აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს და ცდილობს მათ გაგზავნას რუსეთში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის დეკანოზ ბიძინა გუნიას მეშვეობით". - წერია ფაილში.
ფორმულა პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, ფაილებში მოყვანილ ინფორმაციის დიდ ნაწილს არ ასაჯაროებს.